სოკოვანი დაავადება ბეჭდვა ელფოსტა

სოკოვანი დაავადება ეს არის ორგანიზმში მიმდინარე პათოგენური პროცესი, რომელიც პათოგენური ან პირობითპათოგენური სოკოთი არის გამოწვეული. სოკოვანი დაავადება ვითარდება ნელა, ახასიათებს ხშირი რეციდივი და არ ტოვებს მყარ იმუნიტეტს. ზოგჯერ სოკოვან ინფექციას თან ახლავს მხოლოდ უმნიშვნელო ანთება, მაგრამ ხშირად იწვევს ქრონიკული აბცესების, წყლულების და სიმსივნის მაგვარი გრანულომების წარმოქმნას. ადამიანისთვის პათოგენურია 300-მდე სახეობის სოკო და თითოეულ მათგანს დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. სოკოვანი დაავადებები კლასიფიცირდება გამომწვევისა (Dermatophytes, Candida, Pityrosporum ovale… ) და ლოკალიზაციის (ტერფის, კანის, ვაგინალური, ფრჩხილის, პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის) მიხედვით. განასხვავებენ სისტემურ მიკოზს, რომელიც ვრცელდება მთელს ორგანიზმში და დერმატომიკოზს, რომლის დროსაც ზიანდება კანი, თმა ან ფრჩხილები. სისტემური მიკოზი გაცილებით რთულად მიმდინარეობს დერმატომიკოზთან შედარებით.
კოკციდიოიდოზი
კოკციდიოიდოზს იწვევს ძაფისებური საფუარა სოკო coccidioides immitis. უმეტესწილად გავრცელებულია ამერიკაში. ორგანიზმში ხვდება ,სოკოს სპორების შემცველი მტვრის ჩასუნთქვისას. დაავადების მტარებლებად ითვლებიან გარეული მღრნელები. კოკციდიოიდოზი სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებაა, რომელმაც შეიძლება მიიღოს სისტემური ხასიათი და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. დაავადება იწყება უსიმპტომოდ, შემდეგ კი ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები. უმრავლეს შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ქრება ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე. ხანდახან კი ინფექცია ვრცელდება უფრო ღრმად ქსოვილებში და აზიანებს ძვლებს, სახსრებს, ტვინის ქსოვილს, სადაც წარმოიქმნება გრანულომები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნებიან წყლულად ან აბსცესად. ამ დროს მატულობს ორგანიზმის ტემპერატურა, ქვეითდება მადა, ვითარდება ასთენია. დაავადების სისტემური ფორმის ეფექტური სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. დაავადების გავრცელებას აფერხებს მედიკამენტი ამფოტერიცინი.
ჰისტოპლაზმოზი
ჰისტოპლაზმოზს იწვევს საფუარა სოკო Histoplasma capsulatum რომელიც მრავლდება მტრედის და ქათმის კონკრემენტში. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ორგანიზმში ხვდება კანიდან ან სასუნთქსი სისტემიდან. ორგანიზმში სოკო ღებულობს უჯრედშიდა პარაზიტის ფორმას, აზიანებს ქსოვილებს და სისხლის უჯრედებს. დაავადების პირველადი გამოვლინება ტუბერკულოზის მსგავსია. ჰისტოპლაზმოზი უმრავლეს შემთხვევაში თავისთავად მთავრდება, მკურნალობის გარეშე. პროგრესირებადი ფორმის დროს კი, ინფიცირდება შინაგანი ორგანოები, ღვიძლი და ელენთა დიდდება, ვითარდება კუჭის წყლული. შესაძლებელია დაავადება გავრცელდეს ძვლის ტვინზე. ამ შემთხვევაში მატულობს ტემპერატურა, სისხლში მცირდება ერითროციტების და ლეიკოციტების რაოდენობა. დაავადების სწრაფი პროგრესირება იწვევს ლეტალურ შედეგს.
კანდიდოზი
კანდიდოზი არის კანის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსის და შინაგანი ორგანოების ინფექციური დაზიანება, რომელსაც იწვევს საფუარა სოკო Candida (Monilia) albicans. გამომწვევი ორგანიზმში ხშირად ხვდება პირის ლორწოვანი გარსიდან და იწვევს რძიანას , რომელსაც ახასიათებს თეთრი ფერის ნადები ენაზე, სასაზე და ნუშურა ჯირკვლებზე. ამ დროს შესაძლოა ინფექცია გავრცელდეს კუჭ-ნაწლავის და სასუნთქ სისტემაზე. ფილტვების დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ბრონხიტი ან პნევმონია.
ვაგინალური კანდიდოზისთვის დამახასიათებელია ქავილი, წვა, სიწითლე, მოგვიანებით გამონადენის არსებობა.
კანდიდოზის დროს ზიანდება კანის მონაკვეთები სადაც აღინიშნება მომატებული ტენიანობა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტი და იმუნიტეტის დაქვეითება. ახასიათებს კანის ჰიპერემია, აქერცვლა და ქავილი.
ფრჩხილების დაზიანების შემთხევაში, ფრჩხილი იცვლის ფერს ( აქვს მოყვითალო შეფერილობა), სქელდება და იქერცლება. ფრჩხილის ირგვლივ კანი არის შეშუპებული და მტკივნეული.
დერმატომიკოზი
 დერმატომიკოზებს შორის ყველაზე გავრცელებულია ტერფის ეპიდერმოფიტია, კანის კანდიდოზი, სებორეული დერმატიტი და ნაირფერი პიტირიაზი.
ტერფის ეპიდერმოფიტია არის უშუალოდ ტერფის კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება რომელსაც იწვევს Tri-cliOphyton mentagrorhytes var. interdigitale. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობა, მომატებული ოფლიანობა, ენდოკრინული და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები. ტერფის ეპიდერმოფიტიის ხუთი კლინიკური ფორმა არსებობს:
1. წაშლილი ფორმა, რომელსაც არ ახასიათებს გამოკვეთილი კლინიკური სიმპტომები. ამ დროს შეიძლება კანი იყოს აქერცლილი თითებს შორის ნაოჭებში.
2. სქვამოზურ-ჰიპერკერატოზული ფორმა ხასიათდება კანის ჰიპერემიით და აქერცვლით. სუბიექტურად აღინიშნება კანის ქავილი, სიმშრალე და იშვიათად ტკივილის შეგრძნება.
3. ინტერტრიგინოზული ფორმის დროს ზიანდება თითებს შორის ნაოჭები. ახასიათებს სიწითლე, შეშუპება, მაცერაცია. ხშიარია მტკივნეული ეროზიების განვითარება.
4. დისჰიდრატაციული ფორმა ხასიათდება მრავლობითი ბუშტუკების განვითარებით , რომელთა გახსნის შემდეგ რჩება მტკივნეული ეროზია.
5. ონიქომიკოზის დროს ზიანდება ტერფის პირველი და მეხუთე თითის ფრჩხილი. ამ დროს ფრჩილზე ჩნდება მოყვითალო ფერის ლაქები. ფრჩხილის კონფიგურაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იცვლება. წლების მანძილზე, ფრჩხილქვეშა კერატოზის ზრდასთან ერთად , ფრჩხილი სქელდება და დეფორმირდება.

სებორეული დერმატიტი ვითარდება კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივ. ყველაზე ხშირად სებორეულ ეგზემას იწვევს საფუარა სოკო Pityrosporum ovale. ხასიათდება კანზე ბრტყელი, ქერტლით დაფარული ლაქების განვითარებით. სებორეას ახასიათებს ქავილის შეგრძნება. დაავადება ხასიათდება ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობით . ემორჩილება მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით.

ნაირფერი პიტირიაზის გამომწვევია სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც აზიანებს კანის ზედაპირულ შრეს. ახასიათებს აქერცვლადი ლაქების განვითარება კისერზე, მკერდზე, ზურგზე და მხრებზე.მკურნალობა გულისხმობს ადგილობრივად ანტიმიკოზური საშუალებების გამოყენებას. მძიმე შემთხვევებში იყენებენ სისტემურ ანტიმიკოზურ მედიკამენტებს რომლებიც ხელს უშლიან დაავადების რეციდივის განვითარებას.

სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ სურათს (გამონაყარის ტიპი), ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიულ მონაცემებს (დაზიანებული ადგილიდან ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა), ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიულ მონაცემებს (დაზიანებული ადგილიდან ნიმუშის დათესვა და სოკოს ტიპის გამოვლენა).

სოკოვანი დაავადების მკურნალობა მოიცავს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც ერთ ასევე მრავალ გამომწვევზე (ფართო სპექტრის). სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები არის პერორალური, ვაგინალური(სანთელი), კრემის, სპრეის, ლაქის სახით. ყოველი მათგანი გამოიყენება სოკოს შესაბამისი ლოკალიზაციის მიხედვით. ფართოდ გამოიყენება კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც სოკოს გარდა მოქმედებენ ბაქტერიულ ფლორაზეც და აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ფრჩხილის სოკოს შემთხვევეში ზოგჯერ საჭირო ხდება დაზიანებული ფრჩხილის ქირურგიული წესით მოცილება.


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება