• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
როტაციული ანომალიები ბეჭდვა ელფოსტა

როტაციული ანომალიები
გიორგი გვანცელაძე – წმ. მიხეილის საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება, ქირურგი ნაწლავის მდებარეობის ანომალიები სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული.

1. ნაწლავის არასრული მობრუნება მუცლად ყოფნის პერიოდში.
2. ნაწლავის განსაზღვრულმა ნაწილმა სიგრძეში ზრდა შეწყვიტა დაიკავა ახალი, მისთვის არადამახიათებელი ადგილი.
3. ნაწლავის ცალკეული ნაწილების შეზრდა მუცლის ღრუს უკანა კედელთან საერთოდ არ მოხდა ან მოხდა არასრულად.
მეცნიერ Grob –ის აზრით, ნაწლავის ტრაქტის ანომალიები ვითარდება, როცა ე.წ. ჭიპის ნაწლავის მარყუჟი და მისი დერივატები მოძრაობენ ნორმალური მიმართულებით, მაგრამ ეს გადაადგილება არასრულყოფილი და დაუმთავრებელია. შესაძლებელია, ჭიპის ნაწლავი მოძრაობდეს საწინააღმდეგო მიმართულებითაც. ემბრიონალური როტაციული დარღვევების გარდა შეიძლება აღინიშნოს მსხვილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილის დამატებითი ცდომა, ასევე მობილური ჭიპის ნაწლავის ცდომაც, რომელიც მეორადი ხასიათისაა. ნაწლავთა როტაციული ანომალიების ყველაზე ხშირი მიზეზი კუჭნაწლავის ტრაქტის ცალკეული მონაკვეთის განვითარების ავტონომიურობაა, ასე მაგალითად, გასტროდუოდენური და ჭიპის მარყუჟები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ბრუნვას ასრულებენ. ასეთ შემთხვევებში 12 გოჯა ნაწლავის მობრუნება ხდება ნორმალური მიმართულებით, კუჭი კი მოძრაობს საპირისპიროდ.


როტაციის არარსებობა
ჭიპლარის მარყუჟის როტაციის სრული არარსებობა გვხვდება მხოლოდ მეძუძურ ბავშვებში. თანდაყოლილი ჭიპის თიაქრით (Omphalocele). ამასთან წვრილ და მსხვილ ნაწლავს აქვს საერთო ჯორჯალი, რომელიც საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის წინ მდებარეობს. ასეთი ახალშობილები განვითარების თანდაყოლილი მანკების გამო სიცოცხლისუუნარონი არიან. მსხვილი ნაწლავის განვითარების ისეთ მანკებს, როგორიცაა ატრეზია, აგნეზია, გაორება ან დამოკლება ხშირად თან ახლავს რექტოვეზიკულური, რექტოვაგინალური, რექტოურეთრალური და რექტოპერინეალური ფისტულები. როცა ჭიპის მარყუჟის როტაცია მხოლოდ 90 გრადუსია, მაშინ წვრილი ნაწლავის ყველა მარყუჟი მუცლის მარჯვენა ნახევარში განლაგდება, ხოლო მსხვილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილები _ მარცხენა ნახევარში. ნაწლავის ასეთი განლაგება ახასიათებს 8 კვირის ემბრიონს. ეს ანომალია ხდება ჭიპის თიაქართან ერთად ან მის გარეშე. მსგავს შემთხვევებში 12 გოჯა ნაწლავი ნორმისაგან განსხვავებით არ გადაეჯვარედინება ჯორჯლის ზემო არტერიას უკანა მხრიდან. იგი განლაგებულია მისგან მარჯვნივ, არ წარმოქმნის დუედენოიეიუნალურ ნაკეცს და გადადის უშუალოდ მლივ ნაწლავში. თეძოს ნაწლავის ტერმინალური მარყუჟი იხსნება ბრმად მარჯვნიდან მარცხნივ. მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი კი მდებარეობს მუცლის ღრუს მარცხენა ნახევარში და აქვს საერთო ჯორჯალი წვრილ ნაწლავთან.


არასრული როტაცია
განვითარების ასეთი მანკის დროს ჭიპის მარყუჟი 180 გრადუსით შემობრუნების შემდეგ ჩერდება, ამასთან 12 გოჯა ნაწლავის ქვედა ნაწილი ჯორჯლის ფუძის უკან აღმოჩნდება, ხოლო ბრმა ნაწლავი და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი განლაგებულია განივად ხერხემლის წინ.


მალროტაცია
მალროტაცია ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა პირველი ნორმალური მობრუნების შემდეგ ემბრიონალური ჭიპის მარყუჟი შემობრუნდება 90 ან 180 გრადუსით საწინააღმდეგო მიმართულებით. 12 გოჯა ნაწლავის ქვემო ნაწილი მდებარეობს ჯორჯლის ფუძის წინ, ხოლო კოლინჯის პროქსიმალური ნაწილი _ უკან. ზოგჯერ ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს 12 გოჯა ნაწლავის ზემოთ და მუცლის ღრუს მარჯვენა ნახევარში ნორმალურ მდებარეობას იკავებს. თუ კოლინჯის პროქსიმალური ნაწილი მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის გასწვრივაა, ეს უკანასკნელი წვრილ ნაწლავს ვენტრალურად ტომრის მსგავსად ეხვევა (მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის თიაქარი).

საპირისპირო მიმართულებით 180 გრადუსით შემობრუნების დროს განივი კოლინჯის რეტროპოზიცია ვითარდება. წვრილი ნაწლავისა და აღმავალი კოლინჯის მდებარეობა ნორმის ფარგლებშია, ხოლო განივი კოლინჯი 12 გოჯა ნაწლავისა და ჯორჯლის ფუძის უკან თავსდება. იმ შემთხვევაში, როცა ნაწლავის მარყუჟი საათის ისრის მიმართულებით 180 გრადუსით შემობრუნდება, ეს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც ჯორჯლის ღეროვანი ფუძის ირგვლივ ნაწლავების შემოგრეხა. (პერეკრუტ) ასეთ შემთხვევებში წვრილი ნაწლავი აღმოჩნდება მარჯვნივ და ბრმა ნაწლავი კი _ მარცხნივ.


საერთო ჯორჯალი (Mesenterium Commune)
ეს მდგომარეობა ხასიათდება მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის აღმავალ ნაწილსა და მუცლის უკანა კედელს შორის შეხორცების განუვითარებლობით. ეს ჩვეულებრივ დეფექტური როტაციის შედეგია, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნორმალური მობრუნების შემდეგაც. ამ შემთხვევაში თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაწილი გადაადგილდება მარცხნივ ჯორჯლის ფუძის უკან, ქმნის ნორმალურ ნაკეცს და გადადის წვრილ ნაწლავში. ჯორჯლის ფუძე წარმოადგენს წვრილ ღეროს, რომელიც განლაგებულია პანკრეასის ქვემოთ და მარაოსებრი ჯორჯლით ეკიდება. აღმავალი კოლინჯი განლაგებულია მუცლის ღრუს მარჯვენა ვენტრალური კედლის გასწვრივ და არ არის მიმაგრებული მასზე. მსხვილი ნაწლავის ჯორჯალთან ნაწილობრივ მიერთებული ბრმა ნაწლავი და დაღმავალი კოლინჯის მიმდებარე მონაკვეთი მოძრაობენ თავისუფლად (მოძრავი ბრმა ნაწლავი).


როტაციული ანომალიის კლინიკური სიმპტომები
როტაციული ანომალიები კლინიკურად შეიძლება ყოველთვის არ გამოვლინდეს და შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს ამოუცნობი. არცთუ იშვიათად ისინი გამოვლინდება შემთხვევით რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და მუცლის ღრუში ოპერაციის დროს. გამოხატული სიმპტომატიკა აღინიშნება როტაციული ანომალიის მხოლოდ რთული ფორმების დროს. მსგავს სიტუაციაში ავადმყოფები უმეტესად აღნიშნავენ ზეწოლის შეგრძნებას, ჩხვლეტას ან შეტევის მაგვარ ტკივილს მუცელში. კუჭის სისავსის შეგრძნებას და მუცლის შებერვის სიმპტომებს უხშირესად თან ახლავს ღებინება. ამრიგად შემთხვევათა უმრავლესობაში ადგილი აქვს ნაწლავური პასაჟის ბანალურ დარღვევებს, რომლებიც განპირობებულია შეზრდით, შემოგრეხით.

ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობა ჩვეულებრივ გამოვლინდება მალე, ბავშვის დაბადების შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია შეუჩერებელი პირღებინება ნაღვლის წვენით, კუჭის გაგანიერების სიმპტომები და თორმეტგოჯა ნაწლავის დაღმავალ მუხლში დიდი ოდენობით სითხის დაგროვება. ხშირად ჯორჯალი გრძელ ფეხზე აწვება თორმეტგოჯა ნაწლავს, რაც კლინიკურად გამოვლინდება არტერიომეზენ-ტერიული ნაწლავური გაუვალობის სურათით. მისი დიფერენცირება თანდაყოლილი დუოდენალური ატრეზიისა და სტენოზისაგან შეუძლებელია. არტერიომეზენტერიული ნაწლავური გაუვალობის დროს Wayne da Burrington -ი გვთავაზობენ ტრეიცის იოგის სრულ გათავისუფლებას, მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევრის აგრეთვე თორმეტგოჯა ნაწლავის pars verticalis, pars horizontalis da pars ascendens-ს მობილიზაციას. თორმეტგოჯა ნაწლავი და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილის 20-30 სმ-იანი მონაკვეთი გატარდება ჯორჯლის ზემო არტერიის ქვემოთ და თავსდება მუცლის ღრუს მარჯვენა ნახევარში.

ჯორჯლის ფუძის გადაგრეხა (შემოგრეხა) იწვევს ნაწლავთა მძიმე გაუვალობას, პერიტონიალური მოვლენებით, ტკივილით მუცლის არეში და შეუჩერებელი პირღებინებით. მუცლის არეში მწვავე შეტევითი ტკივილების გამო ბავშვები უნებურად იდაყვ-მუხლის პოზას იღებენ. საერთო ჯორჯლის გადაგრეხვა შეიძლება განიკურნოს სპონტანურად, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება და მრავალი წლის მანძილზე პაციენტებს აღენიშნებათ საჭმლის მონელების ქრონიკული უკმარისობის სურათი, პროგრესირებადი დისტროფიით. პაციენთტა ნაწილში ჯორჯლის სისხლძარღვებზე მზარდი ზეწოლის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავური სისხლდენა.


თერაპია
პაციენტებს არასრული როტაციის შედეგად აღენიშნებათ მსუბუქი საერთო სისუსტე, თუმცა მათი მდგომარეობის გაუმჯობესება კონსერვატიული მკურნალობით მიიღწევა. ნაწლავის პასაჟის მძიმე დარღვევების დროს აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. მუცლის ღრუს ექსპლორაციის დროს პირველყოვლისა აუცილებელია განისაზღვროს თორმეტგოჯა ნაწლავის და კოლინჯის პროქსიმალური ნაწილების მდებარეობა. თუ აღმოჩნდება ჯორჯლის შემოგრეხა, აწარმოებენ მის დეტორსიას. მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება როტაციული ანომალიის ხასიათი. ჯორჯლის შემოგრეხის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თორმეტგოჯა ნაწლავის და კოლინჯის ფიქსირება მუცლის ღრუს შიგნითა კედელზე საჭირო მდგომარეობაში.


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს