• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ჰეპა-მერცის გამოყენება მძიმე დამწვრობის დროს ბეჭდვა ელფოსტა

ჰეპა-მერცის გამოყენება მძიმე დამწვრობითი პაციენტების მკურნალობის დროს ღვიძლი ადამიანის ორგანიზმისათვის 500-მდე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. მისი მოქმედება შეიძლება შევადაროთ ბიოქიმიური ქარხნის მუშაობას. ღვიძლის უჯრედები - ჰეპატოციტები გამუდმებით ამუშავებს სისხლს, ფილტრავს მას, რათა შეინარჩუნოს მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვები ნივთიერებებით გამდიდრებული სისხლი ხვდება ღვიძლში, აქ ხდება სისხლის შემადგენლობის მოწესრიგება და გასუფთავებული სისხლი გადადის სისხლს მიმოქცევის სისტემაში.

ღვიძლი უზრუნველყოფს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გარდაქმნას, შხამიან ნივთიერებათა გაუვნებელყოფას. აქვე ხდება რიგი ფერმენტების, მათ შორის ნაღვლის წარმოქმნა, ხდება ვიტამინების და რკინის დეპონირება, აქვეა ორგანიზმისთვის აუცილებელი გლიკოგენის მარაგიც. ღვიძლში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება სითბო, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას ორგანიზმში. ეს ერთი - ორი სიტყვით, ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის ღვიძლის უდიდესი როლის შესახებ. აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რაოდენ დიდია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მნიშვნელობა მძიმე ტრავმების დროს ორგანიზმის ადაპტაციასა და საპასუხო რეაქციებში.

მძიმე ტრავმის, მათ შორის მძიმე დამწვრობის შემთხვევაში, ორგანიზმის მეტაბოლიზმის სტრესული გადაწყობა, ეგზო და ენდოგენური ინტოქსიკაცია უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ღვიძლის ფუნქციური აქტივობის დათრგუნვას.

თერმული ტრავმების დროს განვითარებული დამწვრობითი შოკის დროს, როდესაც სხვა რიგ დაზიანებებთან ერთად ხდება მიკროცირკულაციის მკვეთრი მოშლა, ღვიძლის უჯრედების პათოლოგიურ ცვლილებებში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ჰემოდინამიკის სისტემურ დარღვევას, რომელიც იწვევს ღვიძლის სისხლმომარაგების ბლოკირებას, იშემიას და შემდგომ, ორგანოს რეპერფუზიას. დამწვრობითი დაავადებისას განვითარებული ღვიძლის ფუნქციურ- მორფოლოგიური უკმარისობა შეიძლება დავყოთ ადრეულ (ჰეპატომეგალია, ციტოლიზი, ფერმენტები) და მოგვიანებით (ქოლესტაზი, სიყვითლე) ეტაპებად.

ზემოთ აღნიშნული დაზიანებების ჩამოყალიბება მიგვანიშნებს მძიმე დამწვრობის დროს ღვიძლის დამცველი - პროტექტორი მედიკამენტების ჩართვის აუცილებლობაზე, კერძოდ, სამკურნალწამლო საშუალებებზე, რომლებიც მიმართული იქნება ორგანიზმის მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად: პეპტიდები, ესენციალე, ფერმენტები, ვიტამინები და ა.შ.

ღვიძლის სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში უეჭველად ყურადღებას იპყრობს პრეპარატი ჰეპა-მერცი, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმში ამიაკის დიტოქსიკაციაზე, არა მარტო ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებშიც. იგი ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას, აუმჯობესებს ცილოვან ცვლას. ამიაკის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში მოიაზრება ღვიძლისმიერი ენცელოპათიების ძირითად მიზეზად. აღსანიშნავია აგრეთვე ჰეპა-მერცის მაბლოკირებელი მოქმედება კუნთოვან კატაბოლიზმზე. აღნიშნულ სიტუაციაში ეს ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან მძჲმედ დამწვარ პაციენტებში ცილოვანი დეფიციტის პირობებში ენდოგენური მარაგიდან პირველ რიგში იხარჯება კუნთოვანი პროტეინები, რომელთა მარაგის შეუვსებლობა იწვევს დამწვრობითი დაავადების ერთ-ერთ ვერაგ გართულებას - კახექსიას.

პრეპარატი ჰეპა-მერცი მწარმოებელმა წარმოგვიდგინა როგორც ენტერალური, ასევე პარენტალური მოხმარებისათვის. ინფუზურად ჰეპა-მერცი მიღება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მერყეობს დღიურად 1 – 4 ამპულამდე, მაქსიმალური დღეღამური დოზა უმძიმეს შემთხვევაში 8 ამპულაა, გრანულები 200 მლ წყალში გახსნილი დღეში მიიღება 1-3 პაკეტი. გვერდითი მოვლენები ინსტრუქციის მიხედვით ძალიან იშვიათია და სუსტია, თუმცა ჩვენს პრაქტიკაში ჰეპა-მერცი გვერდითი მოქმედება არ დაგვიფიქსირებია.

დამწვრობის ცენტრში ჰეპა-მერცი ხმარება დავიწყეთ საქართველოში პრეპარატის დარეგისტრირებისთანავე, რადგანაც მისი აქტუალობა ექიმი რეანიმატოლოგებისათვის აქტიურად იდგა დღის წესრიგში. გამოყენებისთანავე მნიშვნელოვნად შემცირდა მძიმედდამწვართა შორის ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიები, კლინიკურად გამოვლენილი დამწვრობითი ფსიქოზები.

ენცეფალოპათიის მოვლენები, ასევე ღვიძლისმიერი გართულებების კლინიკური და პარაკლინიკური გამოხატულებები, როგორიცაა: ჰეპატომეგალია, ბილირუბინემია, ფერმენტები, ჰიპოპროტეინემია, შარდოვანას მატება, კოაგულოპათები, ჰიპერთერმიები და ა.შ., ა პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აღენიშნებოდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის კონტიგენტის 25-45% - ში, ჰეპა-მერცი მკურნალობაში ჩართვისას ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იხრება ნორმიდან ან საერთოდ რჩება ნორმის ფარგლებში. განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში, მაშინ როდესაც დაავადება გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარდა დამწვრობისმიერი ინტოქსიკაციისა, მედიკამენტ ჰეპა-მერცით მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილია მედიკამენტების ჰეპატოტოქსიური ეფექტის პრევენციისათვის. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, პაციენტის შემდგომი ღვიძლისმიერი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც დაკავშირებულია მასიურ მედიკამენტოზურ ზემოქმედებასთან, ჰეპა-მერცი მიღებას ვაგრძელებთ სრულ გამოჯანმრთელებამდე, ანუ დამწვრობითი ზედაპირების სრულ ეპითელიზაციამდე. ამ ფონზე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა ღვიძლისმიერი პრობლემების მოგვიანებითი განვითარებისა, პირიქით, რიგ პაციენტებში აღინიშნა დამწვრობამდე არსებული მცირე ჰეპატოლოგიური პრობლემების ალაგება.

ჩვენს ქვეყანაში დამწვრობითი ტრავმით სტაციონარიზებულ მოზრდილ პაციენტთა დიდი ნაწილი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა შორის რიგ თანმხლებ დაავადებათა ნუსხას ხშირად ემატება ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ამ ჯგუფის პაციენტებში დამწვრობითი ინტოქსიკაციისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის თანხვედრა დაავადების მწვავე პერიოდში იწვევს ჰეპატოლოგიური პრობლემების მძლავრად წარმოჩინებას. კონკრეტულ შემთხვევებში ჰეპა-მერცი ინფუზიები მნიშვნელოვნად ამცირებს დელირიის კლინიკურ და პარაკლინიკურ გამოვლინებებს.

იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰეპა-მერცი ი/ვ ინფუზიაზე, მკვეთრად გამოხატული იყო შარდოვანას მაჩვენებლების კლება სისხლის ლაბ. მონაცემებში ნორმისაკენ ტენდენციით, მაშინ, როდესაც ჯგუფში, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პრეპარატს არ იღებდა ნარჩუნდებოდა სისხლში შარდოვანას მაღალი დონე. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ჰეპა-მერცით მკურნალობისას მცირდება ღვიძლში შეგუბებითი პროცესები.

ამ სტატიაში ჩვენ ვეცადეთ მოკლედ წარმოგვეჩინა პრეპარატ ჰეპა-მერცი უდიდესი როლი მძიმედ დამწვარ პაციენტთა მკურნალობაში.

სტატიის ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს „ექიმური კოშმარების“ სახით ვუყვებით ჰეპა- მერცის ფართო ხმარებაში გამოსვლამდე პაციენტების საშინელ და არაადამიანურ მდგომარეობას დამწვრობითი ფსიქოზის გამწვავებისას მძიმედ მიმდინარე ტოქსემიების შემთხვევებში

თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის რეანიმაციის განყოფილების ექიმი რეანიმატოლოგი:ქ. თარგამაძე


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს