• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ფოსმიცინის გამოყენება დამწვრობითი დაავადების დროს ბეჭდვა ელფოსტა

ფოსმიცინის გამოყენება დამწვრობითი დაავადების დროსს დღევანდელ პირობებში, როდესაც მოსახლეობა ეწევა საკმაოდ არაკონტროლირებად თვითმკურნალობას, პრობლემად იქცა ექიმების მხრიდან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი ანტიბიოტიკის შერჩევა. საქმე იმაშია, რომ, ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტის შემთხვევაშიც კი, ხდება მოსახლების მხრიდან, პროფესიონალის კონსულტაციის გარეშე, ანტიბიოტიკების უმიზნო ხმარება, რაც იწვევს ბაქტერიების მდგრადობის მომატებას სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ.

მაშინ როდესაც საჭიროა ნამდვილად ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია, ექიმები ვაწყდებით სერიოზულ დილემას, კერძოდ: როგორ შევარჩიოთ ის მედიკამენტი, რომელიც პაციენტს მისთვის ზიანის მიუყენებლად მოუხსნის იმ პრობლემებს, რისთვისაც საჭიროა ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპია. დღევანდელ დღეს, ანტიბიოტიკები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. იყოს მგრძნობელობა მოცემულ ბაქტერიასთან მიმართებაში (ეს ისაზღვრება ანტიბიოტიკოგრამის მეშვეობით, ბაქტერიული სინჯებით)
2. არ იყოს მავნებელი როგორც ცალკეული ორგანოების, ასევე - ორგანიზმის მიმართ
3. იყოს შედარებით იაფი და აკმაყოფილებდეს კრიტერიუმს - ფასი/ხარისხი.

რამოდენიმე ხნის წინ, იძულებული ვიყავით დაგვენიშნა ორი, ხშირად სამი ანტიბიოტიკიც კი, რათა მიგვეღწია საჭირო ეფექტისთვის. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და ორგანიზმისთვის არცთუ იოლად გადასატანი იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჩანდა. ფარმაკოლოგიის მნიშვნელოვანმა წინსვლამ, ასევე ჩვენი ქვეყნის შედარებით უკეთესმა ინტეგრაციამ მსოფლიოში, მოიტანა ის შედეგი, რომ დღესდღეისობით ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ექიმთა მოთხოვნებს. მათ შორის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა იაპონური წარმოების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი-ფოსფომიცინი (ფოსმიცინი), რომელიც მიეკუთვნება ანტიბაქტერიული საშუალებების სრულიად ახალ ჯგუფს ფოსფონის მჟავას წარმოებულებს.

თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, რომელიც ხალხში დამწვრობის ცენტრის სახელითაა ცნობილი, წელიწადში 500-ზე მეტი პაციენტი გადის ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას. დამწვრობითი დაავადება არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო ნოზოლოგია. ამის დასტურია თუნდაც ის ,რომ ხშირად მძიმე პაციენტის სამკურნალოდ, მსოფლიო სტანდარტებით, დღიურად 3000-3500 ა.შ.შ დოლარის მედიკამენტია საჭირო. ამ მედიკამენტებიდან კი არცთუ მცირე ნაწილი ეკუთვნის ანტიბიოტიკებს.

მოგახსენებთ, რომ სერიოზული დამწვრობისას, ნებისმიერ ავადმყოფს უყალიბდება ე.წ. ტოქსემიის და სეპტიკოტოქსემიის პერიოდები. ამ დროს პიკს აღწევს ორგანიზმის ინტოქსიკაცია. მსოფლიოში, ამჟამად კი ჩვენი ცენტრის პირობებშიც, ამ გართულებას ვებრძვით ნაადრევი ნეკრექტომიების გზით. ამ დროს ხდება ადრეულ ეტაპზე მკვდარი ქსოვილების ქირურგიული გზით ამოკვეთა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს, ხშირად კი ანულებს კიდევაც ინტოქსიკაციას. თუმცა, არის შემთხვევები, როცა რაიმე მიზეზით ვერ ხორციელდება ადრეული ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და მაშინ დგება ჯერ ტოქსემიის, შემდეგ - სეპტიკოტოქსემიის პერიოდები. ამ დროს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა მძიმდება ძირითადად ცილების შლის მავნე პროდუქტების სისხლში უკუშეწოვის ხარჯზე. დეზინტოქსიკაციისთვის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა ხდება ინტენსიური ტრანსფუზიების ხარჯზე, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის თირკმელებს, რომელსაც მანამდე, შოკის პერიოდში ისედაც სერიოზული ჯაფა ადგა. ამავდროულად, ხდება იმუნური ძალების სერიოზული დაქვეითება, რაც კარს უხსნის ორგანიზმზე იერიშისთვის მავნე აგენტებს. თუ აქვე იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ღია ჭრილობები წარმოადგენს იდეალურ საკვებ ნიადაგს ბაქტერიებისთვის, ვიღებთ საკმაოდ მძიმე სურათს და სერიოზულ მოთხოვნას ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის წარმოებისთვის. და ზუსტად აქ, პრაქტიკულად პანაცეასავით მოგვევლინა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი - ფოსფომიცინი (ფოსმიცინი).

ფოსფომიცინი (ფოსმიცინი) არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც აღმოაჩინეს გასული საუკუნის 60-იან წლებში. დღესდღეისობით მიიღება სინთეზური გზით ნატრიუმის მარილის სახით. ანტიბიოტიკს აწარმოებს იაპონიის ფარმაკოლოგიური ლიდერი ფირმა, რაც თავისთავად ნიშნავს უმაღლეს ხარისხს და სისუფთავეს. პრაქტიკულად გამორიცხულია მისი პიროგენობა, მინიმალურია მის მიმართ ალერგიული რეაქციებიც. ალერგიული რეაქციების განვითარების მინიმალური რისკი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პრეპარატი თითქმის არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ წარმოქმნის ანტიგენს ორგანიზმში. პირადად, ჩემს პრაქტიკაში ალერგიული რეაქცია ფოსფომიცინზე (ფოსმიცინი) ნანახი მაქვს 2–ჯერ, რომელიც პაციენტს მოეხსნა ძალზე იოლად ანტიჰისტამინის და ჰორმონის ი/ვ შეყვანით.

მედიკამენტი ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ჯგუფის ბაქტერიული ფლორის წინააღმდეგ, მაგალითად ისეთი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა (Enterococcus spp., მათ შორის. Enterococcus faecalis, Staphylococcus spp., მათ შორის. Staphylococcus aureus, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus epidermidis; Streptococcus spp., ასევე Streptococcus faecalis) და გრამუარყოფითი ფლორის მიმართ (Escherichia coli, Citrobacter spp., Citrobacter diversus, Citrobacter freundii; Enterobacter spp., Enterobacter aerogenes; Klebsiella spp., Klebsiella pneumoniae; Morganella morganii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris; Serratia spp., Serratia marcescens; Pseudomonas spp., Pseudomonas aeruginosa). ფოსფომიცინი (ფოსმიცინი) გამოირჩევა შესანიშნავი პენეტრაციით (შეღწევადობით) ქსოვილებში, რაც განაპირობებს ნებისმიერი ლოკალიზაციის ინფექციის შედეგიან მკურნალობას.

ფოსფომიცინი სუსტად მოქმედებს ანაერობულ ფლორაზე. ამ დროს, ან ძალიან მძიმე იფექციების შემთხვევაში, ფოსფომიცინი (ფოსმიცინი) იხმარება სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, რაც იძლევა საკმაოდ ძლიერ ეფექტს სხვა კომბინაციებთან შედარებით. განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს მის კომბინაციას ვანკომიცინთან. ამ ორი მედიკამენტის ერთობლივი ხმარება პრაქტიკულად ანახევრებს ორივე მედიკამენტის დოზირებას საჭირო ბრწყინვალე ეფექტის მისაღებად.

ფრიად მნიშვნელოვანია ფოსფომიცინის (ფოსმიცინი) ჰეპატოპროტექტორული და ნეფროპროტექტორული ეფექტიც. ლიტერატურის მიხედვით, უკუნაჩვენებია მისი ხმარება ღვიძლის, გულსისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის უკმარისობის უმძიმესი ფორმების დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ანტიბიოტიკებზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. ფოსფომიცინის (ფოსმიცინის) დოზირება არის საკმაოდ ვარიაციული, ინიშნება ინფექციის სიმძიმის მიხედვით დღე-ღამეში 6-16გ. 2-3 შეყვანით, ძირითადად ი/ვ ინექციის ან ტრანსფუზიის გზით. იმის მიუხედავად, თუ შეყვანის რა გზას ვირჩევთ, უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის განზავების საჭირო კოცენტრაცია: 1გ. მედიკამენტზე ფიზიოლოგიური ხსნარის ან გლუკოზის 20,0 მლ.

მედიკამენტი იხმარება შედარებით ფრთხილად 75 წელს გადაცილებულ მოხუცებში და ორსულ ქალებში. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, მოცემული ჯგუფის პაციენტებთანაც არ ყოფილა რაიმე სერიოზული პრობლემები.

მკურნალობის დინამიკაში მონიტორინგი ტარდება მუდმივად, ნებისმიერი ასაკის პაციენტებთან. ფოსფომიცინის (ფოსმიცინის) გამოყენებისას რაიმე სერიოზული დარღვევები, რომელიც შესაძლოა დაბრალდეს ანტიბიოტიკის მოხმარებას, პრაქტიკულად არ ყოფილა გამოვლენილი. იგივეს ვერ ვიტყვით ძალიან ბევრ, დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულ ბრენდებზე. ერთი სიტყვით, ამ მედიკამენტს გააჩნია პრაქტიკულად ყველა ის დადებითი თვისება, რომელსაც მკურნალები მოვითხოვთ ამა თუ იმ სამკურნალწამლო საშუალებისგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ანტიბიოტიკისგან.

მოცემულ სტატიაში შევეცადეთ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე დაკვირვებების ანალიზის და კლინიკო-ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გამოგვეთქვა ჩვენი აზრი ერთ-ერთ ისეთ საუკეთესო ანტიბიოტიკზე თავისი მახასიათებლებითა და პრაქტიკული გამოსავლით, როგორიცაა ფოსფომიცინი (ფოსმიცინი).

თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მოზრდილთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი პლასტიკური ქირურგი: ზურაბ თარგამაძე.


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს