მიოკარდინი (L – კარნიტინი, კარნიტინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა) არის მცირე ზომის ნაერთი, რომელიც ბიოლოგიურად სინთეზირებულია ამინომჟავებისაგან – ლიზინისა და მეთიონინისაგან. ორგანიზმში იგი წარმოიქმნება ღვიძლსა და თირკმელებში და გროვდება ჩონჩხისა და გულის კუნთში, ასევე, თავის ტვინში და აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციისათვის. თავისთავად, ცხიმოვანი მჟავის მეტაბოლიზმი წარმოადგენს ენერგიის პირველად წყაროს მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი კუნთისათვის, რომელიც უზრუნველყოფს 70% - მდე ენერგიის მოთხოვნილებას. კუნთის მუშაობა დამოკიდებულია ანაერობულ მეტაბოლიზმზე.
ორგანიზმში კარნიტინის დეფიციტი არცთუ იშვიათია, რისი დადგენაც ჩვეულებრივ, მეტად ძნელია. რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ორგანიზმის მცირე ასაკი (განსაკუთრებით 10 წლამდე) და ასევე, მოხუცებულები, მრავალი ანტიკონვულსანტი, მათ შორის, აღსანიშნავია – ვალპროატი, ჰიპოგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერამონემია, და აგრეთვე, მრავალი ნევროლოგიური პათოლოგიები (გონებრივი განვითარების შეფერხება, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მიკროცეფალია და სხვა). კარნიტინის დეფიციტი ვლინდება კარდიომიოპათიით, კუნთთა სისუსტით, ლეთარგიით, გულყრებით, განვითარების შეფერხებითა და ორგანიზმის ზრდის შენელებით, ზოგადი აქტივობის დაბალი მაჩვენებლით.
მიოკარდინს აქვს გამოხატული ანტიოქსიდაციური მოქმედება, რაც ვლინდება დამცველობითი ეფექტით ლიპიდების ზეჟანგვითი პროცესების მიმართ ფოსფოლიპიდების მემბრანის დონეზე და ამგვარად ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს მიოკარდიუმისა და ენდოთელიუმის უჯრედებში. აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერიმენტში დადგენილია მიოკარდინის ეფექტურობა კანისა და შემაერთებელი ქსოვილის (ჭრილობისა და დერმატიტების) რეგენერაციის დაჩქარების პროცესში.
სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებიდან, რაც დაკავშირებულია დემენციის დროს მეხსიერების (მახსოვრობის) დარღვევებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ცვლილებები ქოლინერგული ნეიროტრანსმიტერული სისტემის მხრივ. ამ შემთხვევაში მიოკარდინს ენიჭება დიდი როლი დემენციების დროს, რაც გამოიხატება ქოლინერგული ნეირონების გააქტივებაში, მემბრანის სტაბილიზირებასა და მიტოქონდრიების ფუნქციური აქტივობის გაზრდაში. არსებობს კვლევები ასაკოვან პირებში მიოკარდინის დადებითი ეფექტისა კოგნიტიურ (შემეცნებით) ფუნქციებზე და ასევე, ქცევითი პათოლოგიების დროს.
მიოკარდინს აქვს დამცველობითი მოქმედება სიმსუქნესთან დაკავშირებულ მეტაბოლური დარღვევების, ჰიპერლიპიდემიისა და ღვიძლის გაცხიმოვნების პროცესისადმი. ცნობილია, რომ დიაბეტის II ტიპის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინსულინის მიმართ რეზისტენტობას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუნთებში ცხიმოვანი მჟავეების ოქსიდაციის დარღვევებთან. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ მიტოქონდრიული დისფუნქცია შესაძლოა დაავადების (დიაბეტის) გამომწვევი მიზეზი იყოს. ქსოვილებში ცხიმების ჭარბი დაგროვება ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მაჩვენებელია.
ლიტერატურაში არსებობს კვლევები იმის შესახებ, რომ მიოკარდინის მიღება ხელს უწყობს დიაბეტიანებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას უჯრედშიდა ცხიმის შემცველობის დაქვეითებით და ასევე, იგი ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში ამ უკანასკნელის უჯრედებში ოქსიდაციის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ხანგრძლივი მიღებისას მიოკარდინს აქვს დადებითი ეფექტი დიაბეტური ნეიროპათიის დროს ტკივილების შემსუბუქების თვალსაზრისით.
გარდა აღნიშნულისა, უკვე საყოველთაოდ დადასტურებულია, რომ მიოკარდინი მინიმუმამდე ამცირებს სიმპტომებს, რაც თან ჩვეულებრივ, ახლავს ჰიპერთიროიდიზმს, კერძოდ, უძილობას, ნერვულ აშლილობებს, გულისცემის გახშირებასა და ტრემორს.
ცნობილია, რომ სიმსივნის დროს კახექსიის მქონე პაციენტებს აქვთ კარნიტინის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი სისხლში, რაც იწვევს პათოლოგიურ სიგამხდრეს. ჩატარებული კვლევების მიხედვით მიოკარდინის (კარნიტინის) მიღება ამ პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს დაღლილობას, რაც ჩვეულებრივ თან ახლავს ქიმიოთერაპიასა და რადიაციულ მკურნალობას და ასევე, ხელს უწყობს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ორგანიზმის დაბერების პროცესში კარნიტინის კონცენტრაცია უჯრედებში ქვეითდება, რაც შესაბამისად, არღვევს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმს სხვადასხვა ქსოვილებში. ეს განსაკუთრებით აისახება ძვლოვან ქსოვილში, რომელიც საჭიროებს ოსტეო-ბლასტების მუდმივ აღდგენასა და ნორმალურ მეტაბოლურ ფუნქციონირებას, რათა შენარჩუნებული იქნას ძვლოვანი ქსოვილის მასა. არსებობს მჭიდრო კორელაცია პლაზმაში ოსტეოკალცინისა და ოსტეობლასტების მოქმედების დონის მერყეობასა და მეორეს მხრივ, ოსტეოკალცინის დაქვეითებას შორის, რომელიც წარმოადგენს შემცირებული ოსტეობლასტების აქტივობის მაჩვენებელს. ეს კი პირდაპირი მაჩვენებელია ასაკოვან პირებსა და პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკისა. დადგენილია, რომ მიოკარდინის მიღება ხელს უწყობს ოსტეოკალცინის დონის ზრდას სისხლში.
უკანასკნელ პერიოდში დადგენილია, რომ მიოკარდინი შესაძლებელია გამოყენებული იქნას მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ, როგორც სპერმის ხარისხის გასაუმჯობებლად, და ასევე, ამ პრეპარატს აქვს მკურნალობის დადებითი ეფექტი ვარიკოცელეს დროს, რომელიც წარმოადგენს მამაკაცთა უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს.
მიოკარდინს, როგორც ანტიდოტს აქვს გამოხატული მოქმედება ვალპროატით ინტოქსიკაციის შემთხვევაში ჰიპერამონემიის, ენცეფალოპათიისა და ჰეპატოტოქსიურობის განვითარებისას.
მიოკარდინი ასევე, წარმატებით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული სისხლძარღვოვანი უკმარისობის დროს კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად.
ამგვარად, ზემოთ აღნიშნულ მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიოკარდინს ენიჭება დიდი მნიშვნელობა როგორც ნევროლოგიურ, ასევე მთელი რიგი სომატური და ენდოკრინული დაავადებების მკურნალობაში.
პედიატრი–ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ასოცირებული პროფესორი ეკა ჩხარტიშვილი
კომენტარის დამატება
კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს