ვალპროის მჟავა (ორლეპტი) 1970 – იანი წლებიდან გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, როგორც ნატრიუმის ან მაგნიუმის მარილი, ან როგორც თავისუფალი მჟავა და დამტკიცებულია, როგორც ძლიერ ეფექტური საშუალება ყველა ტიპის (ეპი)გულყრების სამკურნალოდ.
წამლის მოქმედების ზუსტი მექანიზმი დღემდე უცნობია, და ვარაუდობენ, რომ იგი მოქმედებს რამდენიმე მექანიზმის ურთიერთქმედებით. ვალპროის მჟავა ზრდის GABA სინთეზსა და გამოთავისუფლებას და ამცირებს ეპილეპტოგენურ ამინომჟავა γ-ჰიდროქსი-ერბომჟავას გამოთავისუფლებას. ასევე დადგენილია, რომ ორლეპტი აძლიერებს პოსტსინაფსური GABA ინჰიბიტორულ ეფექტს, აბლოკირებს სპაიკ გენერაციასა და თრგუნავს ეგზიტატორულ ნეირონალურ გზებს. იგი ასევე, შესაძლოა თრგუნავდეს GABA – ტრანსამინაზის აქტივობას და ამგვარად, ზრდიდეს GABA კონცენტრაციას ლიქვორსა და თავის ტვინში. ორლეპტი თრგუნავს გენერალიზებულ პიკტალღოვან განტვირთვებს დაბალი ზღურბლის კალციუმის ნაკადის მოდულაციით.
ორლეპტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფართო სპექტრის ანტიეპილეფსიურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის გენერალიზებული (იდიოპათიური და სიმპტომური), ტონურ-კლონური, მცირე (აბსანს) გულყრების, ასევე, რთული პარციალური, იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიისა და ლენოქს-გასტოს სინდრომის დროს. ორლეპტი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც პირველი რიგის სამკურნალო პრეპარატი ბავშვებში რთული ფებრილური გულყრებისას.
პრეპარატის საწყისი დოზა ბავშვებში შეადგენს 15 – დან 20 მგ/კგ – მდე დღეში ორ ან სამჯერად მიღებაზე და შემდგომ, დოზირების მატებით ინტერვალით კვირაში ერთხელ 20 – 70 მგ/კგ – მდე, რაც გულყრის ეფექტური კონტროლის საშუალებს იძლევა. ორლეპტის სისხლის შრატის დონესა და ანტიკონვულსიურ მოქმედებას შორის არ არის მჭიდრო კავშირი და არსებობს სისხლში ორლეპტის დონის მნიშვნელოვანი მერყეობა, პრეპარატის მოკლე ნახევრად-დაშლის პერიოდის გამო. მრავალი ავტორი მიიჩნევს პრეპარატის ოპტიმალურ დონეს სისხლში 50 – დან 100 μგ/მL – მდე.
პლაზმასა და პრეპარატის დოზის კონცენტრაციას შორის კავშირი რთულია ორლეპტის ხანმოკლე ნახევრადდაშლის პერიოდისა და ასევე, მის შრატის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირების უნარის გამო. მიუხედავად, ამისა, ვალპროატის კონცენტრაცია ხანგრძლივად ნამკურნალევი ეპილეფსიით დაავადებულთა თავის ტვინის ქსოვილში მეტად დაბალია.
პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 6 – დან 15 საათს, და ამგვარად, ვალპროატის ენტერიკ გარსიანსა და გახანგრძლივებული მოქმედების აბებს აქვთ ერთნაირად კარგი ეფექტი გულყრების კუპირების თვალსაზრისით. შეწოვის თვალსაზრისით აბებს აქვთ შედარებით ნელი (თუმცა სრული) უნარი სიროფთან შედარებით.
უკანასკნელ წლებში არსებობს კლინიკური გამოცდილება ვალპროატის გამოყენებისა ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, როგორც ბიპოლარული დარღვევების (მანიაკალური მდგომარეობისას), გუნება-განწყობის გაუმჯობესების, დეპრესიისა და შიზოფრენიის სამკურნალოდ. ამჟამად, დადასტურებულია მისი უპირატესობა საყოველთაოდ აქამდე აღიარებულ ლითიუმის პრეპარატებთან შედარებით.
პრეპარატი ასევე მაღალეფექტურია შაკიკის პროფილაქტიკის, ბავშვებში ენაბორძიკის, ტიკებისა (მათ შორის, ტურეტის სინდრომის) და სიდენჰამის (რევმატიული) ქორეის დროს. არსებობს ლაბორატორიული კვლევები ვალპროატის ციტოტოქსიური ეფექტისა სხვადასხვა სიმსივნური პროცესების (მათ შორის, მკერდის კიბოს) დროს სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან ერთად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სამკურნალოდ მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან კომბინაციაში. ასევე, ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ პერიოდში და აუტიზმის დროს.
ექსპერიმენტში დადგენილია, რომ ვალპროატი ასტიმულირებს შMN პროტეინის დონეს, რაც მკვეთრად დაბალია სპინალური ამიოტროფიით დაავადებულებში და აღნიშნული იწვევს ზურგის ტვინის წინა რქის მოტონეირონების პროგრესირებად დეგენერაციას.
ორლეპტის საყოველთაოდ აღიარებული მაღალი ანტიკონვულსიური და ფართო სპექტრის მოქმედების თვალსაზრისით დადგენილია მისი გამოყენება პოსტტრავმული ეპილეფსიის დროს. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ორლეპტის პარენტერალური მიღების ფორმა, რომელიც აქტიურად იხმარება როგორც მეორე რიგის პრეპარატი ეპილეფსიური სტატუსის დროს და მიიჩნევა ფენიტოინის ალტერნატიულ საშუალებად (განსაკუთრებით ბავშვებში) ამ უკანასკნელის მაღალი ტოქსიური ეფექტის გამო.
ბოლო პერიოდში არსებობს კლინიკური ეფექტი ორლეპტის გამოყენებისა ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ, კერძოდ, დიაბეტური სენსორული პოლინეიროპათიით დაავადებულებში.
საყოველთაოდ ცნობილია დოფამინის დისრეგულაციის მექანიზმი პარკინსონით დაავადებულებში. ლიტერატურაში გაჩნდა მონაცემები (Cleveland, USA) ვალპროატის (ორლეპტის) დადებითი გავლენისა დოპამინის რეგულაციის მოწესრიგებაში.
ამრიგად, ლიტერატურაში არსებული კლინიკური, ექსპერიმენტული და ლაბორატურიული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში ორლეპტის საყოველთაოდ აღიარებული ანტიეპილეფსიური მოქმედებისა, იგი შესაძლებელია, გამოყენებული იქნას მთელი რიგი ნევროლოგიური პათოლოგიების დროს როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე, მოზრდილებში.
მედიცინის დოქტორი, ბავშვთ ნევროპათოლოგი დავით ჩხარტიშვილი
კომენტარის დამატება
კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს