• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ჰერპესი ბეჭდვა ელფოსტა

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰერპესი-ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მოსახლეობის 90% არის მარტივი ჰერპესის ვირუსის მატარებელი. ჰერპესი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “მცოცავს”. გამომწვევი არის ჰერპეს ვირუსი. დაინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრების მანძილზე და ჯანმრთელი ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არიან ვირუს მატარებლები.
ჰერპესის ოჯახის ვირუსებს ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის მანძილზე. ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული დაავადების კლინიკური გამოვლინებები: ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არც თუ ისე იშვიათად უსიმპტომოდაც კი, ხოლო პაციენტებს რომელთაც იმუნური სისტემის დარღვევები აღენიშნებათ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
ვირუსით დაინფიცირებისათვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ძირითადად, ავადდებიან ახალგაზრდა ასაკში.
100 ყველაზე ცნობილი ჰერპეს ვირუსიდან ადამიანის დაავაადებას იწვევს:
მარტივი ჰერპეს ვირუსი 1 ტიპის (HSV ლაბიალური ჰერპესი)
მარტივი ჰერპეს ვირუსი 2 ტიპის (HSV -2 გენიტალური ჰერპესი)
ჩუტყვავილას, ზოსტერის ვირუსი (Herpes Zoster)
ციტომეგალოვირუსი (CMV)
ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV)
ადამიანის ჰერპესვირუსი მე-6 ტიპის.
ადამიანის ჰერპესვირუსი მე-7 ტიპის.
ადამიანის ჰერპესვირუსი მე-8 ტიპის(ასოცირებული კაპოშის სარკომასთან)
მოსახლეობისათვის საინტერესო იქნება თუ რა ფაქტორები და მდგომარეობები არის ხელშემწყობი აღნიშნული დაავადების განვითარებისათვის. ჰერპესის აქტივაციის მიზეზები შეიძლება იყოს არამარტო სექსუალური კონტაქტები, არამედ ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, გაციება, კორტიკოსტეროიდების მიღება, მენსტრუაცია, კანის მექანიკური დაზიანება და სხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
იმდენად, რამდენადაც ჰერპესი ძალიან ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, მკითხველისათვის მნიშვნელოვანი იქნება, მისი გადაცემის გზების ცოდნა. დაავადების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან ვირუსის მატარებელი პირი. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი, კონტაქტური, სქესობრივი, ტრანსფუზული გზით და ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. ნაყოფის ინფიცირება ორსულობის დროს ხდება ტრანსპლაცენტარული და ტრანსცერვიკალური გზებით.
ჰერპესის სიმპტომები და კლინიკ
მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებულია მარტივი ჰერპესი (herpes simplex) და გენიტალური ჰერპესი (herpes genitalis). აღნიშნული დაავადებებისათვის დამახასიათებელია შემდეგი სუბიექტური ნიშნები: კანის ან ლორწოვანის ჰიპერემია, ქავილი და წვა, რამდენიმე საათში სათანადო არეში წარმოიქმნება მტკივნეული, თხელკედლებიანი, გამჭირვალე შიგთავსის შემცველი წვრილი ბუშტუკები. აქვე აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირად ჰერპესს თან სდევს ტემპერატურის მომატება და ზოგჯერ რეგიონალური ლიმფადენიტი.
მკითხველისათვის ასევე საინტერესო იქნება ის არჩევითი ლოკალიზაციები, რომელიც ახასიათებს მარტივ და გენიტალურ ჰერპესს.
მარტივი ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაცია: პირის ირგვლივ არე, ცხვირის ირგვლივ არე, პირის ღრუს ლორწოვანი (ჰერპესული სტომატიტი), უფრო იშვიათად_ლოყების, ქუთუთოებისა და კანის სხვა არეები.
გენიტალური ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაცია: ქალებს უფრო ხშირად უზიანდებათ საშო, ბაგეები, საშვილოსნოს ყელი, ნაკლებად-შორისი, ბოქვენი, დუნდულები. მამაკაცებში გამონაყარის ტიპიური ადგილებია: ასოს თავი, ჩუჩა, ასოს კანი, ურეთრის შესასვლელი. ნაკლებად-შორისის კანი, სათესლე პარკი, დუნდულები, თეძოები.
რაც შეეხება ჰერპეს ზოსტერს , გამონაყარი ნერვის გაყოლებაზეა და თან ახლავს საკმაოდ ძლიერი ტკივილი.
დაინფიცირებული ქსოვილებიდან ვირუსები გამოიყოფა 10-12 დღის განმავლობაში. პირველადი ეპიზოდის დროს ჰერპესული გამონაყარის ევოლუციის მთელი პროცესი იკავებს 15-20 დღეს, ამის შემდეგ იწყება შეხორცება. რეციდივები აღინიშნება 30-50% შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.
ჰერპესის გართულებები
პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ შესაძლებელია ნაყოფის დაინფიცირება დედის ორგანიზმში, რამაც ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი აბორტი. საშვილოსნოს ყელის ჰერპესული დაზიანება ხშირად არის უშვილობის მიზეზი. ჰერპესის ვირუსის არსებობა მცირე მენჯის ნერვულ სტრუქტურებში იწვევს ტკივილის მყარ სინდრომს, ნევრიტებს და სხვა. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია დაზიანდეს შინაგანი ორგანოები, ც.ნ.ს.
ჰერპესის დიაგნოსტიკა
ციტოლოგიური გამოკვლევა, მოლეკულური დიაგნოსტიკა, იმუნოფერმენტული ტესტები (G, M და A კლასის იმუნოგლობულინები განისაზღვრება შრატში)
ჰერპესის მკუნალობა
ჰერპესის მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და ინიშნება მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოკვლევის შემდეგ.
ჰერპესის პროფილაქტიკა
ჩემი რჩევა იქნება მკითხველისათვის, რომ შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს აუცილებელია პრეზერვატივის ხმარება, თუ თქვენ ხართ ავად სასქესო ორგანოების ჰერპესით, მაგრამ ამჟამად თქვენ არანაირი სიმპტომი არა გაქვთ, თქვენ მაინც უნდა გააფრთხილოთ თქვენი პარტნიორი და დაიცვათ თავი.
გახსოვდეთ, რომ დაავადება გადადის იმ შემთხვაშიც კი, თუ დაავადებულს არ აღენიშნება გამონაყარი. ჰერპესი არ არის ჩვეულებრივი სურდო, მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.

დერმატო–ვენეროლოგი შალვა კევლიშვილი


 

კომენტარის დამატება

კომენტარის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ექიმებს, ან თავად სტატიის ავტორს