There are No Adverts to Display

სიახლეები

დაავადებები/რევმატული დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ოსტეოპოროზი სისტემური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძვლის მასის დაქვეითება და ძვლოვანი ქსოვილის შენების დარღვევა; რაც იწვევს ძვლის მოტეხილობის მაღალ რისკს. ოსტეოპოროზთან ერთად გამოიყენება ტერმინი “ოსტეოპენია”, რომელსაც ორმაგი შინაარსი აქვს. პირველ რიგში იგი აღნიშნავს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას; მეორე მხრივ გულისხმობს სიტუაციას, როდესაც დენსიტომეტრიის მონაცემებით t კრიტერიუმი აღმოჩნდება 1-2,5 მდე შუალედში. ოსტეოპოროზი შეიძლება იყოს პირველადი, რომელიც იყოფა: პოსტმენოპაუზალურ, სენილურ, იუვენილურ და იდიოპათიურ Fფორმებად, აგრეთვე მეორადი ან სიმპტომატური ანუ განპირობებული რომელიმე კონკრეტული დაავადებით (რევმატული, კუჭ ნაწლავის, თირკმლის დაავადებებით და სხ.). პოსტმენოპაუზალური ოსტეოპოროზის პათოგენეზში წამყვანი ფაქტორია ესტროგენული უკმარისობა, რომელიც მკვეთრად აჩქარებს ძვლოვანი მასის კლებას. ოსტეობლასტებზე არის განლაგებული ესტროგენების რეცეპტორები; ამ უკანასკნელის დეფიციტისას, ოსტეობლასტები აპროდუცირებენ ფაქტორს, რომელიც ასტიმულირებს ოსტეოკლასტების აქტივობას, რაც განაპირობებს ძვლის რეზორბციას. სენილური ოსტეოპოროზის პათოგენეზში სასქესო სტეროიდების და კალციტონინის დეფიციტთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს კალციუმის უარყოფით ბალანსს, განპირობებულს ¨ D D ვიტამინის დეფიციტით და კალციუმის აბსორბციის დარღვევით კუჭ ნაწლავში. ოსტეოპოროზი 50% -ში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. გამოვლინდება ძვლის მოტეხოლობით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ლოკალიზაცია. ყველაძე ხშირია ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის და წინამხრის დისტალური ნაწილის მოტეხილობა. ოსტეოპოროზისთვის ასევე დამახასიათებელია ხერხემლის დეფორმაცია. ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს დენსიტომეტრია. უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ტრადიციული რენდგენოგრაფია. თუ დენსიტომეტრიის მონაცემებით t კრიტერიუმი აღმოჩნდება 2,5 –ზე ნაკლები, დგინდება ოსტეოპოროზის დიაგნოზი. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ მიიღება რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტი: ბიფოსფონატები (ალენდრონატი) – ამცირებენ მოტეხილობის განვითარების რისკს. მათი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ოსტეოკლასტების აქტივობის დათრგუნვაში, რის შედეგადაც მცირდება ოსტეოკლასტების მიერ ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია. კალციტონინი- გარდა ანტირეზორბციული აქტივობისა, მას აქვს ანალგეზიური ეფექტიც. ტერიპარატიდი –პარათჰორმონის ტერმინალური ფრაგმენტი, აძლიერებს ძვლის წარმოქმნას ოსტეობლასტების აქტივობაზე ზემოქმედებით. კალციუმის პრეპარატები და D ვიტამინი – გამოიყენება ასევე ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტებთად ერთად ოსტეოპოროზის კომპლექსურ მკურნალობაში.
ოთხშაბათი, 06 აგვისტო 2008 23:29 - 2562 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/რევმატული დაავადებები
ავტორი: Med Doctor
პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი არის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება შარდმჟავას რაოდენობის ზრდა სისხლში (ჰიპერურიკემია). ამის შედეგად ხდება კრისტალური ნივთიერებების ჩალაგება ქსოვილებში პოდაგრული კვანძების სახით; შემდგომში კი ვითარდება ანთებითი და დესტრუქციულ–სკლეროზული ცვლილებები. როგორც წესი, ზიანდება ხელის და ფეხის თითების სახსრები. პოდაგრა ყველაზე ხშირად (95%) გვხვდება მამაკაცებში. არსებობს პირველადი, ანუ თანდაყოლილი პოდაგრა, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილი დეფექტებთან ფერმენტულ სისტემაში, რის შედეგადაც ხდება ორგანიზმში შარდმჟავას რაოდენობის მომატება (მეტაბოლური ფორმა) ან თირკმელების მიერ შარდმჟავას გამოყოფის დარღვევა (თირკმლისმიერი ფორმა). არსებობს მეორადი, ანუ შეძენილი პოდაგრა, რომელიც დაკავშირებულია სხვა ფაქტორების ზემოქმედებასთან: ლეიკოზი ციტოსტატიკებით მკურნალობის პერიოდში; პურინების ჭარბად შემცველი საკვები; ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით ლუდი და ღვინო; უმოძრაობა; შიმშილი; სტრესული სიტუაციები; ტრავმა; ფიზიკური გადაღლა. პოდაგრის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს პოდაგრული კვანძები, პოდაგრული ართრიტი და შარდკენჭოვანი დაავადება, რომლის დროსაც მარილოვანი კრისტალები ძირითადად წარმოდგენილია შარდმჟავა კრისტალების სახით. პოდაგრული კვანძები (ტოფუსი) არის შარდმჟავას კრისტალები, რომელიც შეიძლება ჩალაგდეს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში. როცა ეს კრისტალური ურატები ჩალაგდება სახსრებში და სახსრის ირგვლივ ქსოვილებში, ხდება მრავლობითი კვანძების (ტოფუსების) წარმოქმნა და ვითარდება სახსრების მწვავე ანთება. პოდაგრული ართრიტი იწყება უეცრად, მწვავე შეტევით, ძირითადად ტერფის დიდ თითში ან ტერფ–ფალანგის სახსარში. შეტევა ხასიათდება უძლიერესი ტკივილით, სახსრის შესიებით, კანის შეწითლებით, დაჭიმულობით და მბზინვარებით. ადგილობრივად მატულობს ტემპერატურა, მოძრაობა თითქმის შეუძლებელია. აღინიშნება შემცივნება და ცხელება. კრიზისი გრძელდება რამოდენიმე საათიდან 1–2 დღემდე. ანთების პროცესი 5–1 დღეში ცხრება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. პოდაგრული ტოფუსები ძირითადად ზედაპირულად მდებარეობს, თეთრი ფერისაა. მათი სიდიდე, რაოდენობა და კონსისტენცია სხვადასხვაა და დამოკიდბულია დაავადებების ხანგრძლივობაზე და ჰიპერურიკემიის დონეზე. სისხლში შარდმჟავას დიდი რაოდენობით არსებობისას ისინი ლაგდება თირკმელებში და წარმოიქმნება კენჭები. პოდაგრის მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, შარდმჟავას გაზრდილი რაოდენობის შემცირებისა და წარმოქმნილი კრისტალების გაქრობას. ასევე აუცილებელია სპეციალური დიეტის დაცვა.
ორშაბათი, 24 იანვარი 2011 17:15 - 7232 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/რევმატული დაავადებები
ავტორი: Med Doctor.Net
ფიბრომიალგია - რევმატული წარმოშობის დაავადებაა, რომელიც ძირითადად აზიანებს ძვალ-კუნთოვან სისტემას. დაავადებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი მთელ სხეულში და სხვა მრავალი დარღვევა, რის გამოც ხშირად დიაგნოზის დადგენა რთულდება. ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ასევე არ არსებობს მისი მკურნალობის რადიკალური და ეფექტური მეთოდები. ცნობილია, რომ უფრო ხშირად ავადდებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დაავადების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად სახელდება ქრონიკული სტრესი, ჰორმონალური, ნევროლოგიური, იმუნური სისტემის დარღვევები და ფიზიკური დატვირთვა. ფიბრომიალგიის ძირითადი სიმპტომია - ტკივილი: კუნთების, სახსრების, სხეულის რბილი ქსოვილების. დაავადებას ახასიათებს ტკივილის შეთანხმება შებოჭილობის გრძნობასთან და კუნთების ტეტანიასთან. გარდა ამისა დამახასიათებელია სხვა დარღვევების თანხლება: საერთო სისუსტე, შაკიკი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, შფოთვა და დეპრესია. ფიბრომიალგიის დროს შეუძლებელია ორგანიზმში ანთებითი ნიშნების აღმოჩენა, სხვა რევმატიული დაავადებებისგან განსხვავებით. ტკივილი, რომელიც აღინიშნება ფიბრომიალგიის დროს არის ძლიერი და კოლიკის მაგვარი. დაავადებულთა მდგომარეობა რთულდება დილის საათებში. ფიბრომიალგიის მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომია საერთო სისუსტე. ამ დაავადებას ახასიათებს სრული ასთენია. პაციენტებს აღენიშნებათ ძილის დარღვევები - დამახასიათებელია კოშმარული სიზმრები ან ზედაპირული ძილი. ხშიარია ძილის დროს ობსტრუქციული აპნოე - სუნთქვის დარღვევა. დაავადების დიაგნოსტიკის ობიექტური მეთოდები არ არსებობს. დიაგნოზი ისმევა ტიპიური კლინიკური სურათის საფუძველზე. ფიბრომიალგიის მკურნალობის რადიკალურ მეთოდი არ არსებობს, რადგანაც მისი ბუნება გაურკვეველია. მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მედიკამენტები. ასევე გამოიყენება ფიზიოთერაპია. რეკომენდირებულია სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი და ცურვა.
პარასკევი, 14 იანვარი 2011 00:00 - 3023 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა