There are No Adverts to Display

სიახლეები

დაავადებები/ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ანგინა (მწვავე ტონზილიტი) – მწვავე ინფექციური დაავადებაა, უმეტესწილად სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის, რომელიც მიმდინარეობს ძირითადად სასის ნუშების დაზიანებით. ანთებითი პროცესი შეიძლება ლოკალიზებული იყოს ასევე ხახისა და ენის ნუშებში, ხორხის მიდამოში და გვერდით რკალებში. არსებობს ინფექციის გადაცემის ორი გზა: ჰაერ-წვეთოვანი და ალიმენტური. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ადგილობრივი და საერთო გაციება, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება. ანგინით ხშირად ავადდებიან სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები. განარჩევენ ანგინის შემდეგ ფორმებს: I — კატარული II — ფოლიკულარული III — ლაკუნური IV — ფიბრინოზული V — ჰერპესული VI — ფლეგმონოზური VII — წყლულოვან ნეკროზული VIII — შერეული ფორმები ანგინისთვის დამახასიათებელია ტკივილი ყლაპვის დროს, საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი სახსრებში, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. კატარულ ანგინას ახასიათებს მწვავე დასაწყისი. აღინიშნება ყელში სიმშრალე, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ტკივილი. ვლინდება ასთენო-ვეგეტატიური სიმპტომატიკა. ტემპერატურა, როგორც წესი სუბფებრილურია. ფარინგოსკოპიით ვლინდება ზომიერი შეშუპება, სასის ნუშებისა და სასის რკალების ჰიპერემია; რბილი სასა და ხახის უკანა კედელი შეცვლილი არ არის; რეგიონალური ლიმფური კვანძები შესაძლოა იყოს გადიდებული და მტკივნეული პალპაციით. კლინიკური გამოვლინება ქრება 3-5 დღეში. ფოლიკულური ანგინა გამოვლინდება ტემპერატურის მატებით 38-39 °C - მდე. ხასიათდება ძლიერი ყელის ტკივილით, რომელიც ირადირდება ყურში, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით; ბავშვებში ხშირია ღებინება, მენინგიალური სიმპტომატიკა. სისხლის ანალიზში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, მომატებული ედს-ი. რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ფარინგოსკოპიით აღინიშნება სასის ნუშებისა და მიმდებარე რბილი ქსოვილების გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება. ნუშურებზე ჩანს მოყვითალო ფერის წერტილები. დაავადება გრძელდება 5-7 დღის განმავლობაში. ლაკუნური ანგინა ასევე იწყება ფოლიკულური ანგინის მსგავსად. მაგრამ ხასიათდება უფრო რთული მიმდინარეობით. წარმოიქმნება მოყვითალო-თეთრი ნადები, რომელიც ფარავს ნუშურების მთლიან ან თითქმის მთლიან თავისუფალ ზედაპირს. რიგ შემთხვევაში ფოლიკულური ან ლაკუნური ანგინა შეიძლება მიმდინარეობდეს ფიბრინოზული ანგინის სახით. ფიბრინოზული ნადები წარმოიქმნება დაჩირქებული ფოლიკულების გასკდომის შედეგად, ან ლაკუნური ანგინის შემთხვევაში ვრცელდება ლაკუნების ეპითელის ნეკროზის უბნებიდან. ჰერპესული ანგინა უმეტესწილად ვითარდება ბავშვთა ასაკში. მისი გამომწვევია კოკსაკის A ვირუსი. ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით. გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. გამოვლინდება შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, ყელის, თავის, კუნთების და მუცლის ტკივილით. ხშირია ღებინება და ფაღარათი. ნუშურებზე ჩნდება მოწითალო ფერის ბუშტუკები, რომელიც სკდება 3-4 დღის შემდეგ. ფლეგმონური ანგინა გვხვდება უფრო იშვიათად. პროცესი ხშირად ცალმხრივია, ვლინდება მკვეთრი ტკივილით ყელში ყლაპვის დროს, თავის ტკივილით, შემცივნებით. ფარინგოსკოპიით აღინიშნება ცალ მხარეზე რბილის სასის მკვეთრი ჰიპერემია და შეშუპება. წყლულოვან-ნეკროზული ანგინა ხასიათდება ნუშურა ჯირკვლის ნეკროზული ცვლილებებით. პაციენტი უჩივის უცხო სხეულის შეგრძნებას ყელში. პირიდან აღინიშნება ცუდი სუნი. სხეულის ტემპერეტურა ნორმაშია. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია ნეკროზული ნუშურის მხარეს. სისხლში ზომიერი ლეიკოციტოზია. დაავადების ხანგრძლივობაა 1-3 კვირამდე. ანგინა ხასიათდება გართულებებით: ადრეულ სტადიაში - აბსცესი, პროცესის გავრცელება გულმკერდის მიდამოში, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, სეფსისი და სხვა. გვიან სტადიაში - რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი. ანგინის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმაზე. ინიშნება დიდი რაოდენობით სითხეები, ვიტამინებით მდიდარი საკვები. მედიკამენტოზური მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების საშუალებით. ასევე ნაჩვენებია ადგილობრივი ანტისეპტიკები.
ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 13:33 - 3107 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/ალერგიული დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ალერგიული რინიტი წარმოადგენს ცხვირის ლორწოვანის ანთებას, რომელსაც იწვევს ალერგენები და გამოვლინდება ცემინებით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით. ხშირად ალერგიული რინიტი თან ახლავს კონიუქტივიტს და ბრონქულ ასთმას. ალერგიული რინიტი ფართოდ არის გავრცელებული იგი საერთო მოსახლეობის 10–25 % აღენიშნება. გამოყოფენ: - სეზონურ ალერგიულ რინიტს – ვითარდება მცენარეების ყვავილობის დროს. - მთელი წლის განმავლობაში არსებულ რინიტს – ვითარდება წლის ნებისმიერ დროს. - თუ ალერგიული რინიტის სიმპტომები არ ამცირებს შრომისუნარიანობას მაშინ საუბრობენ მსუბუქ ფორმაზე. თუ შრომისუნარიანობა საშუალოდ არის შემცირებული აღინიშნება საშუალო სიმძიმის რინიტი, ხოლო გამოხატული სიმპტომატიკის არსებობისას აღინიშნება ალერგიული რინიტის მძიმე ფორმა. - ალერგიული რინიტის ძირითადი გამოვლინებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ქავილი ცხვირში, გამონადენი ცხვირიდან. დღისით უმეტესად აღინიშნება ქავილი ცხვირში და ცემინება, გამონადენი ცხვირიდან. ღამე კი ეს სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. ძილის დროს აღინიშნება უმეტესად ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება. არსებობს მრავალი ალერგენი, რომელიც იწვევს ალერგიულ რინიტს: - სახლის მტვერი, მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, წამლები. - გენეტიკური წინასწარგანწყობა წარმოადგენს ალერგიული რინიტის განვითარების ფაქტორს. - ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან ალერგიული რინიტით უნდა მოერიდონ ალერგენებს, ნებისმიერ მკვეთრ სუნს და თამბაქოს კვამლს. - ალერგიული რინიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვლინდება კანის გაღიზიანების სიმპტომები ცხვირის ნესტოების არეში, ყელის ტკივილი, ხველა, ყურის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, თავის ტკივილი, შეიძლება განვითარდეს სინუსიტი. - ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეგროვება. - ტარდება ცხვირის ღრუს გამოკვლევა – რინოსკოპია, ხანდახან ცხვირის ლორწოვანიდან იღებენ ნაცხს. უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და იმუნოგლობულინ E განსაზღვრა. ალერგიული რინიტის დადასტურებისას, უნდა დადგინდეს თუ რომელი ალერგენია გამომწვევი, რაც ხორციელდება კანის სინჯებით ან ალერგენ სპეციფიკური იმუნოგლობულინ E–ს განსაზღვრით. - ალერგიული რინიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. - ძირითადად საკმარისია ინტრანაზალური გლუკოკორტიკოიდების ან ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიღება. თუ პაციენტი რეზისტენტულია მედიკამენტოზური მკურნალობის მიმართ მაშინ განიხილება ალერგენ–სპეციფიური იმუნითერაპია.
ოთხშაბათი, 05 იანვარი 2011 10:22 - 3686 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. იგი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლარინგიტი იშვიათადაა იზოლირებული. ხშირად არის მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის, ქუნთრუშის, ყივანახველის გამოვლინება. განასხვავებენ მწვავე ლარინგიტის ორ ფორმას: კატარულს და ფლეგმონურს. მწვავე კატარული ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის, ლორწქვეშა შრისა და კუნთების კატარული ანთება. დამოუკიდებელი დაავადების სახით იშვიათად გვხვდება - ჩვეულებრივ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომს წარმოადგენს. მწვავე ფლეგმონური ლარინგიტი ხორხის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ჩირქოვანი პროცესი ვრცელდება ხორხის არა მარტო ლორწქვეშა შრეში, არამედ კუნთებში, იოგებში, ზოგჯერ ხრტილზედა შრესა და ხრტილშიც კი. დაავადებას თან სდევს ყელის სიმშრალე, ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს, ხმის ჩახლეჩვა, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსდევს ხმის სრული დაკარგვა, ხველა, თავის ტკივილი და ტემპერატურის მცირედი მომატება. დაავადების ხანგრძლივობა არ აღემატება 7 -10 დღეს. განასხვავებენ ქრონიკული ლარინგიტის კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ ფორმებს. ქრონიკული კატარული ლარინგიტის დროს აღინიშნება ხორხის ლორწოვანი გარსის დიფუზური ანთება. ჰიპერტროფიული ლარინგიტის დროს ზიანდება ლორწქვეშა შრე. ქრონიკული ატროფიული ლარინგიტის დროს ხდება ხორხის ლორწოვანი გარსის ატროფია. დაავადებას ახასიათებს: ხმის ჩახლეჩა სრულ დაკარგვამდე, ყელში წვისა და დისკომფორტის შეგრძნება, მშრალი ხველა. დიაგნოსზი ისმევა ანამნეზის და კლინიკური გამოკვლევების მიხედვით. ლარინგიტის მკურნალობის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია ანთების გამომწვევ მიზეზებზე.
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2011 10:13 - 3293 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ფარინგიტი ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. ფარინგიტი შეიძლება წარმოიქმნას ძალიან ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას, ქიმიური ნივთიერებების ან სხვა გამღიზიანებლების ზემოქმედებისას. ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორებია: • ვირუსი: რინოვირუსი, კორონავირუსი, ექოვირუსი, კოკსაკი, გრიპის და პარაგრიპის ვირუსი. შედარებით იშვიათია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ადენოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი; • ბაქტერიული ფლორა - A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი; • ქიმიური (სიგარეტის მოხმარება) და მექანიკური აგენტი (ნაკაწრი); • ალერგია. დაავადების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფარინგიტს. მწვავე ფარინგიტის კლასიკური სიმპტომებია: ყელის ტკივილი, დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), მშრალი ხველა, ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტემპერატურის უეცარი მატება (38-ზე მეტი). ობიექტური გამოკვლევისას ვლინდება ხახისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებითი ცვლილებები (ჰიპერემია, შესივება), ჩირქოვანი ნადები ნუშურა ჯირკვლებზე, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლების შესივება. მათი არსებობის შემთხვევაში დაავადების ბაქტერიული ეტიოლოგია უფრო შესაძლებელია. დაავადების ვირუსულ ეტიოლოგიაზე მიუთითებს: ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეა; ქრონიკულ ფარინგიტს აქვს ნაკლებად გამოკვეთილი სიმპტომები, მაგრამ გამწვავების მომენტებში ისინი არ განსხვავდებიან მწვავე ფორმისგან. ფარინგიტის დიაგნოზი ეყრდნობა: • კლინიკურ ნიშნებს; • ლაბორატორიულ გამოკვლევებს: ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. შესაძლოა მოხდეს ფარინგიტის რეციდივი. მისი მიზეზებია: არაადექვატური ანტიბიოტიკოთერაპია, პენიცილინ-რეზისტენტული ბეტა-ლაქტამის მაპროდუცირებელი შტამები. მკურნალობისათვის გამოიყენება: ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, სათანადო ჩვენების ჩვენების შემთხვევაში ანტიბიოტიკები.
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2011 10:16 - 3360 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა
დაავადებები/ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები
ავტორი: Med Doctor
ოტიტი წარმოადგენს ყურის ანთებას. განასხვავებენ გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებას. ოტიტი არის როგორც მწვავე ასევე ქრონიკული. მწვავე ოტიტის გამომწვევია: მიკრობები, ვირუსები, სოკოები. უმეტესად ანთების გამომწვევია სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ჰემოფილური ჩხირი, ასევე - სხვა პათოგენური და პირობით პათოგენური ბაქტერიები. ხშირად დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია. გარეთა ოტიტი ვითარდება ინფექციის შეჭრისას გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებში და ცხიმის ჯირკვლებში. ვლინდება ტკივილით ყურში, რომელიც ძლიერდება წინასახურზე დაჭერისას. ასევე ახასიათებს ქავილი და უსიამოვნო სუნის ჩირქოვანი გამონადენი. მწვავე შუა ოტიტი - ვითარდება ცხვირის ან ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთების დროს ინფექციის შეღწევისას შუა ყურში. მწვავე შუა ოტიტი სამ სტადიად მიმდინარეობს: I სტადია – ექსუდატის წარმოქმნა, (მწვავე კატარული ოტიტი); II სტადია – დაფის აპკის გახვრეტა და ჩირქდენა (მწვავე ჩირქოვანი ოტიტი); III სტადია – ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, ჩირქდენის შეწყვეტა და გახვრეტილი დაფის აპკის კიდეების შეხორცება. დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. დაავადების პირველ სტადიაში ვლინდება ძლიერი ტკივილი ყურში, რომელიც ირადირებს თავის შესაბამის ნახევარში, კბილებში; სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-390С), სმენა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ოტოსკოპიით ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, შემდეგ კი დაფის აპკის ჰიპერემია. ამ სტადიის ბოლოს ხდება დაფის აპკის გამობერვა; მეორე სტადიაში – იწყება ჩირქდენა დაფის აპკის გახვრეტის შედეგად, ტკივილი კლებულობს და სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება. ოტოსკოპიით ამ სტადიაში ჩანს ჩირქი, დაფის აპკის გამობერვა კლებულობს, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ჰიპერემია და კონტურების გადასწორება. მესამე სტადიაში ჩირქდენის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება სმენის დაქვეითება. შუა ყურის მწვავე ანთების კლინიკური სურათი ახალშობილებში განსახვავებულია. მწვავე ოტიტის დროს ბავშვი იღვიძებს ღამით, ტირის, ატრიალებს თავს, უარს აბმობს საკვებზე. შსაძლებელია შუა ოტიტი შერწყმული იყოს მენინგეალურ სიმპტომკომპლექსთან. ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენითა და სმენის დაქვეითებით; დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირ-ხახაში ქრონიკული პათოლოგიური პროცესი. ქრონიკულ შუა ყურის ოტიტს ახასიათებს სმენის პროგრესული დაქვეითება. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზისა და ოტოსკოპიის მონაცემების საფუძველზე. ანამნეზში, როგორც წესი, აღინიშნება შუა ყურის მწვავე ჩიურქოვანი ანთება შემდგომი პერიოდული ან მუდმივი ჩირქდენით. ძვლის დესტრუქციული პროცესის ხასიათისა და გავრცელების შესაფასებლად მნიშვნელოვანია საფეთქლის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობა. ტარდება ჩვენების მიხედვით ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით და ანტისეპტიკებით. ადგილობრივად იყენებენ კომპრესებს, ფიზიოთერპიას; კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ დაფის აპკის პარაცენტეზს.
ოთხშაბათი, 04 მაისი 2011 10:55 - 2652 ნანახია - 0 პასუხი - ბეჭდვა -  ელფოსტა