• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
სიელმე Print E-mail

სიელმე წარმოადგენს ერთ–ერთი თვალის მხედველობის ღერძის გადახრას ფიქსაციის წერტილიდან. სიელმის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ტრავმები და თავის ტვინის დაავადებები, ფსიქიური ტრავმები (შიში), ერთ თვალში დაქვეითებული მხედველობა, ან სიბრმავე. თვალების შეთანხმებული მუშაობა შეიძლება დაირღვეს შორსმხედველობის ან ახლომხედველობის შედეგად. ასევე, სიელმის განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები (წითელა, ყივანახველა, გრიპი და სხვ.).

სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი სიელმე. თანდაყოლილი სიელმე ყოველთვის დაბადებისთანავე არ ვლინდება - ზოგჯერ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც კი იჩენს თავს. განასხვავებენ აგრეთვე შეუღლებულ (შერწყმულ) და პარალიზურ სიელმეს. პარალიზურია სიელმე, რომელიც განპირობებულია ერთ-ერთი თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზით ანუ დაზიანებით. შეძენილი სიელმის განვითარება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი. ის უმეტესად პარალიზურია და ხანში შესულ ადამიანებში უმეტესად დიაბეტი იწვევს.

ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება და, რაც მთავარია, თვალის პათოლოგიათა და მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს შეუღლებული (შერწყმული) სიელმე.

შეუღლებული სიელმე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის სამი წლის ასაკიდან ვლინდება. განპირობებულია ბინოკულარული (ორი თვალით) მხედველობის ფუნქციის მოშლით. ახასიათებს თვალის კაკლების მოძრაობის შეუზღუდაობა, გადახრის პირველადი და მეორეული კუთხეების ტოლობა და დიპლოპიის არარსებობა. ხშირია ალტერნაციული ფორმა ანუ ორმხრივი სიელმე, რომლის დროსაც შეინიშნება თვალების მონაცვლეობითი გადახრა - იმის შესაბამისად, რომელი თვალია მოცემულ მომენტში ობიექტის მაფიქსირებელი.

სიელმისგან დასაცავ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს დროული დიაგნოსტიკა. სიელმისას მაღალი მხედველობითი უნარით ხასიათდება მხოლოდ წამყვანი თვალი, ხოლო გადახრილი თვალის ფუნქციები თანდათან ითრგუნება და მხედველობა ქვეითდება. ამიტომ, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. ბავშვებში სიელმის სამკუნალოდ გამოიყენება სპეციალური სათვალე გადახრილი თვალის მხედველობის გასააქტიურებლად, ხოლო მეორე (წამყვანი) თვალი იფარება. ამსთან ერთად, ტარდება სპეციალური ვარჯიშების კურსი, რომელიც დიდ დროს მოითხოვს: თვეებს და ზოგჯერ წლებსაც.

იმ შემთხვევაში თუ 1.5-2 წელიწადში ზემოთაღწერილი ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება ქირურგიული ჩარევა. ოპერაციის შედეგად სიელმე განიკურნება, მაგრამ თვალების ნორმალური მუშაობის აღსადგენად სპეციალური ვარჯიშებია საჭირო. ოპერაციული ჩარევა მიმართულია თვალის მამოძრავებელი ერთ-ერთი კუნთის გაძლიერებისაკენ, ან პირიქით - შესუსტებისაკენ.