• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
რადიკულიტი Print E-mail

რადიკულიტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ვერტებრალური ნერვების (ნერვები, რომლებიც გამოდის ზურგის ტვინიდან) დაზიანებით. რადიკულიტის დროს უფრო ხშირად ზიანდება წელის და გავის არეში მდებარე ნერვები, შედარებით იშვიათად კისრის და უფრო იშვიათად - გულმკერდის არე.

რადიკულიტის ძირითადი მიზეზია მალთაშორისი დისკების დისტროფიული ცვლილებები - ოსტეოქონდროზი. ასეთი ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას ტრავმის, გაციების, სხვადასხვა ინფექციების, ინტოქსიკაციის შედეგად. ოსტეოქონდროზი აგრეთვე შეიძლება ჩამოყალიბდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა და სხვა დაავადებების დროს (მათ შორის თანდაყოლილი) და ხერხემლის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში. ცვლილებები მალთაშორის დისკში იწვევს მის ნაწილობრივ დაშლას, გათხელებას. იგი კარგავს თავის დრეკად თვისებებს, შემდეგ კი გამოიწევა და ახდენს სათანადო ნერვებზე ზეწოლას.

იმის მიხედვით, თუ რომელი ნერვია დაზიანებული, განასხვავებენ: ზედა კისრის რადიკულიტი, მხარ-კისრის რადიკულიტი, გულმკერდის რადიკულიტი, გავა–წელის რადიკულიტი.

მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ფორმას.

კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზებულია კეფისა და კისრის არეში. ძლიერდება თავის მობრუნებისა და ხველის დროს. ვითარდება დამცველობითი რეფლექსული პოზა - უკან გადაწეული თავით. ოსტეოქონდროზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის ტკივილები შეიძლება თანდართული იყოს თავბრუსხვევით, სმენის დახშობით, სიარულის დროს ბარბაცით და სხვა თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით გამოწვეული სიმპტომებით.

მხარ-კისრის რადიკულიტისას ინტენსიური და ხშირად შეტევითი ხასიათის ტკივილები ლოკალიზებულია კისრის, მხრის სარტყლის, ხელების არეში. ტკივილი ძლიერდება ხელების მოძრაობის, თავის მობრუნებისა და დახრისას.

გულმკერდის რადიკულიტისას (გულმკერდის შუა და ქვედა ფესვების დაზიანება) ნეკნთაშუა ნერვების შემტევი, სარტყლისებრი ტკივილი ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის დროს.

გავა–წელის რადიკულიტი ყველაზე გავრცელებულია. ხშირ შემთხვევაში დაავადება ვითარდება მალთაშუა დისკებისა და იოგების დეგენერაციული პროცესების ფონზე (ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი და სხვა) და ხშირად მიდრეკილია მორეციდივე ქრონიკული მიმდინარეობისკენ. სხვადასხვა სახის ტკივილები ლოკალიზებულია წელ-გავის მიდამოში, საჯდომი ნერვის გასწვრივ. ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და სხეულის დახრისას.

ტკივილის ხარისხი და ლოკალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ ფესვის ან ნერვული ღეროს რა დონეზე მოხდა ზეწოლა. აგრეთვე დამწოლი ქსოვილის ტიპზე. ძვლოვანი წანაზარდების – დისკებისა და სხვა მკვრივი ქსოვილებით ზეწოლისას ტკივილი მეტად გამოხატულია. შედარებით რბილი ქსოვილებით – კუნთებით, იოგებით ზეწოლისას, ტკივილი და მისი ზრდის დინამიკა ნაკლებადაა გამოხატული.

რადიკულიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, მისი გამომწვევი მიზეზების და მექანიზმის გათვალისწინებით. მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული მეთოდებით და მხოლოდ მათი არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.

რადიკულიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები მოიცავს მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც იწვევს ტკივილის მოხსნას და შეშუპების გაწოვას. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად ნიშნავენ ვიტამინების და მინერალების კომპლექსს. დიდი მნიშვნელობა მკურნალობაში აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს გამწვავების პერიოდში (ამპლიპულსი, ფონოფორეზი, ელექტროფორეზი და სხვ.). ოსტეოქონდროზით გამოწვეულ რადიკულიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაჭიმვას. როცა პაციენტს მწვავე ტკივილი აღარ აქვს, უმატებენ სამკურნალო ვარჯიშსა და მასაჟს.