• Georgian (Georgia)
  • English (United Kingdom)
ვიტილიგო Print E-mail

ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც გამოიხატება პიგმენტაციის დარღვევაში. კანზე ჩნდება სხვადასხვა ზომის გაუფერულებული ლაქები, მკვეთრი საზღვრებით. ვიტილიგო აღინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მას აუტოიმუნურ დაავადებებს მიაკუთვნებენ და ხშირია მისი კომბინაცია სხვა დაავადებებთან : კეროვან ალოპეციასთან, სკლეროდრმიასთან, წითელ ბრტყელ ლიქენთან, ფსორიაზთან.

ვიტილიგოს პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერვული სისტემის დარღვევებს რაზეც მეტყველებს ვიტილიგოს და ნერვული სისტემის ორგანული ან ფუნქციური ხასიათის დაავადებები (სირინგომელია, ხერხემლის დაავადებები და სხ.). აღწერილია ამ დაავადების შემთხვევები მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ. ბევრ შემთხვევაში ვიტილიგო ვითარდება ენდოკრინული დარღვევის დროს, კერძოდ გრეივსის დაავადებისას, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს. დიდ როლს ვიტილიგოს პათოგენეზში თამაშობს ჰიპოფიზის და სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია, ასევე ვიტამინების ნაკლებობის დროს-ვიტამინ C, B1, B2. არსებობს თეორის ვიტილიგოს მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე. მაპროვოცირებელი ფაქტორებია დამწვრობა, ტრავმები, ქირურგიული ჩარევა, მზის დასხივება. მნიშვნელობა ენიჭება კანის ფერმენტების ცვლის დარღვევას.

დაავადება ვითარდება თანდათან, ზოგჯერ შეუმჩნევლად. დროთა განმავლობაში ხდება ცალკეული უფერული ლაქების გარეთიანება. კანი ლაქების არეში არის ღია ფერის, თეთრ ლაქებს პერიფერიაზე აქვს ჰიპერპიგმენტაციის ზონა. თმები ლაქების არეში უფერულდება. ხშირად ლაქები განლაგდება სახეზე, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ, კისერზე, ხელების მტევნებზე, სასქესო ორგანოებზე. ლაქების საპროექციო არეში არ აღინიშნება ქავილი. ზოგიერთ შემთხვევაში ლაქები არ იცვლება წლების მანძილზე, ზოგჯერ ხდება მათი პიგმენტაცია. ამავე დროს ჩნდება ახალი უფერული ლაქები. ლაქები მეტად შესამჩნევია ზაფხულის დროს, როცა ჯანსაღი კანი მუქდება, ვიტილიგოს ლაქები კი ღებულობს წითელ ფერს. ვიტილიგოს დროს ლორწოვანი არ ზიანდება.

ვიტილიგოთი დაავადებულებში აღინიშნება ღვიძლის ანტიოქსიდანტური ფუნქციის დარღვევა, კუჭნაწლავის დაავადებები.

ვიტილიგოს მკურნალობა წარმოადგენს გარკვეულ სიძნელეს, რადგანაც არის საკმაოდ ხანგრძლივი. რეკომენდირებულია ვიტამინების მიღება-ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მიზანშეწონილია პანტოტენის მჟავის, სპილენძის და რკინის მარილების მიღება.