ვაგინიტი ბეჭდვა ელფოსტა

ვაგინიტი არის საშოს ანთება. ჯანმრთელი ქალის საშოში ყოველთვის ბინადრობენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად თანაარსებობენ და ერთგვარ ბარიერს ქმნიან მავნე ინფექციებისთვის. ამ მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევისას, შესაძლებელია, განვითარდეს საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესი, რომელსაც ვაგინიტის, ზოგჯერ კი – კოლპიტის სახელწოდებითაც იხსენიებენ.

ჯანმრთელი საშოს ძირითადი ბინადარია – ლაქტობაქტერიები, 5-10%-ს კი შეადგენს პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, სოკოები და სხვა. ლაქტობაქტერიების შემცირებისას ეს პათოგენური მიკროორგანიზმები მრავლდებიან, ანუ ირღვევა მათ შორის ბალანსი (წონასწორობა) და ვითარდება ლორწოვანი გარსის ანთება.

ვაგინიტის ჩამოყალიბების მიზეზებია:
• ქალის ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება;
• საშოს ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც იწვევს: ქირურგიული ჩარევა, ცხელი წყლით ჩაბანვა, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ადგილობრივი კონტრაცეპტივების არაადექვატური გამოყენება, უხეში სქესობრივი კავშირი;
• გინეკოლოგიური დაავადებები: საკვერცხეების პათოლოგია, ყვითელი სხეულის უკმარისობა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაზიანებანი, საშოს კედლის დაწევა;
• სხივური თერაპია და ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებები, მათ შორის ალერგია;
• პირადი ჰიგიენის დაუცველობა, მენსტრუაციის დროს ღია წყალსაცავებში ცურვა, ვაგინალური ტამპონების არასწორი გამოყენება.

არსებობს ვაგინიტის სხვადასხვა ფორმა:
• კატარალური კოლპიტი ანუ მარტივი ვაგინიტი, რომლის დროსაც აღინიშნება უხვი გამონადენი;
• გრანულარული კოლპიტი, ამ დროს საშოს კედლებზე წარმოიქმნება მარცვლისოდენა გრანულები, წანაზარდები, რომლებიც ხელის შეხებისას სისხლმდენია;
• სოკოვანი კოლპიტი, ამ დროს, ძირითადად ქალი უჩივის წვას და ქავილს;
• ადჰესიური კოლპიტი, რომელიც ქალებს კლიმაქსის შემდგომ უვითარდებათ, რაც საშოს ქსოვილების ასაკობრივი ცვლილებებითაა განპირობებული და წყლულების წარმოქმნით, შეხორცებებით მიმდინარეობს;
• ორსულთა კოლპიტი;
• ტრიქომონადებით გამოწვეული კოლპიტი;
• გონორეით გამოწვეული კოლპიტი;
• დიფტერიული კოლპიტი, რომელიც ბავშვთა ასაკში ხორხის დიფტერიის მძიმე ფორმის დროს ვითარდება.

საშოს ანთების მთავარი სიმპტომია – თეთრად შლა. გამონადენი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ჩირქოვან-ლორწოვანი, ქაფიანი, სისხლიანი. გამონადენს აქვს უსიამოვნო, ზოგჯერ “თევზის” სუნი. ქალს, ასევე, აწუხებს წვა და ქავილი. იშვიათად სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, ზოგჯერ მომატებულია ტემპერატურაც.

იმის მიხედვით თუ რომელია ვაგინიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი, კლინიკური ნიშნები სხვადასხვაა.

დიაგნოსტიკისათვის საჭიროა საშოს ნაცხის გამოკვლევა

დაავადების მკურნალობის სქემა დგება იმის მიხედვით თუ რა არის ვაგინიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია და ადგილობრივად ვაგინალური სანთლების გამოყენება, თუ ვაინიტის მიზეზი სოკოა ამ შემთხვევაში ინიშნება ანტიმიკოზური საშუალებები.


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება